CDC: სრულად ვაქცინირებული ამერიკელებიდან დაინფიცირებულთა 99.99%-ს სერიოზული გართულება არ ჰქონია

კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული ამერიკელების 99,99%-ზე მეტს არ ჰქონია ვირუსის მძიმე ფორმა, რასაც შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილი გამოეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემების ანალიზის გათვალისწინებით, CNN-ი ავრცელებს.

CDC-ზე დაყრდნობით CNN-ი წერს, რომ 2 აგვისტოს მონაცემებით, აშშ-ში 164 მილიონ ადამიანზე მეტია სრულად ვაქცინირებული, აქედან მხოლოდ 0.001%-ზე ნაკლები, 1 507 ადამიანი, გარდაიცვალა COVID-19-ით დაინფიცირების შემდეგ. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 0.005%-ზე ნაკლებს, 7 101 ადამიანს.

COVID-19-ის დამძიმებული შემთხვევებიდან 74% დაფიქსირდა 65 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. ამასთან ერთად, CDC-ის მიხედვით, კორონავირუსის ლეტალური შემთხვევებიდან ყოველი მეხუთე სხვა თანმხლები დაავადებით გარდაიცვალა და არა უშუალოდ კორონავირუსით.

"COVID-19-სგან დამძიმების მიხევდით, დემოგრაფიული ნიშნით ან სხვადასხვა ვაქცინების შემთხვევაში, რაიმე განსხვავებული შედეგი არ გამოვლენილა", - წერს CDC.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირდა თითქმის 36 მილიონი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილია 617 300-ზე მეტი.