ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში - ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტი 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ევროკომისიის განცხადებაში წერია, დახმარების მიზანია ხელი შეუწყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების მიწოდებასა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას.
„ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, გლობალური ვაქცინების დეფიციტის ფონზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიის განმარტებით, ეს თანხა დაემატება თებერვალში გამოყოფილ 40 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის მზადყოფნის გაუმჯობესება იყო.
ევროკავშირის დახმარება მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების და მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდ სერთიფიკატის განვითარების მხარდაჭერას", - აღნიშნულია განცხადებაში.
დამანგრეველმა COVID-19-ის პანდემიამ უპრეცედენტო ზიანი მოუტანა ადამიანებს, ჯანდაცვის სისტემებსა და ეკონომიკას მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის გამონაკლისი. ევროკავშირი მტკიცედ აპირებს მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე", - განაცხადა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.