პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებთ, კორონავირუსის გავრცელების გეომეტრიული პროგრესიით მატების პირობებში, შეიძლება სამედიცინო სექტორი უფსკრულის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა.
ლევან რატიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან წესების დაცვა, პირბადის ტარება და დისტანციის შენარჩუნება.
"წელიწადი და შვიდი თვეა რაც პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ მთელი ქვეყანა. ამ დღეებში ყველას გვაქვს განცდა, რომ ერთმანეთის თავები ვერ დავიცავით. განსაკუთრებით ძნელია კოვიდთან ბრძოლა დღევანდელ დღეს თითოეული ექიმისათვის. დამეთანხმება ნებისმიერი მედპერსონალი, რომ წელიწადი და შვიდი თვე არის ძალიან დიდი პერიოდი ექიმისთვის თუ ნებისმიერი ექთანის, სანიტარის თუ ადმინისტრაციისათვის. ყველა მუხლჩაუხრელად იბრძვის ამ ბრძოლაში. ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ჩვენც ვერ დავეწევით პაციენტის მოვლას. გამგებმა გაიგოს, ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა.
მიმდინარეობს მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, მაგრამ მინდა მოსახლეობას მოვუწოდო დაიცავით წესები რაც პირბადის ტარებას, დისტანციას და ელემენტარულ ჰიგიენას შეეხება. მართალია, მოგვენატრა ერთმანეთთან ურთიერთობა, სიმღერაც და გართობაც, მაგრამ ეს უნდა გაწყდეს აუცილებლად", - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, "დელტა" შტამს აქვს ვერაგი მიმდინარეობა და ის მასიურად აზიანებს ფილტვის ქსოვილებს.
"ახალი შტამის გამო, ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს პროცესი. თუკი ადრე ორსულების 20%-ს სჭირდებოდა ჟანგბადის თერაპია, ამჟამად 95% საჭიროებს ჟანგბადის თერაპიას. "დელტა" შტამს აქვს ვერაგი მიმდინარეობა და ის მასიურად აზიანებს ფილტვის ქსოვილებს. უფრო მწვავედ მიმდინარეობს ცხელებაც.
თუკი ვუჰანის შტამის დროს მთავარი რისკ ფაქტორები ასაკი და ქრონიკული დაავადებები იყო, დღეს ასე აღარაა და უფრო მეტი ახალგაზრდა ხვდება რეანიმაციაში აპარატზე. ჩვენ 40 სარეანიმაციო საწოლი გვაქვს და მათი 80% ახალგაზრდებს უჭირავთ.
ამიტომ ვართ მოვალე, რომ ერიც, ბერიც, მტერიც და მოყვარეც, რომ გართულებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ერთმანეთის სიცოცხლეები უნდა გადავარჩინოთ.
ჩვენც გაგვიფრთხილდით, ექიმებს, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ!,"- განაცხადა რატიანმა.