Facebook-მა რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული ასობით ანგარიში წაშალა

BBC-ის ცნობით, Facebook-მა წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც, კომპანიის განმარტებით, ჩართულები იყვნენ რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში.

კომპანიის განცხადებით, ანგარიშების ქსელის სამიზნე იყო ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აშშ. ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა ამ გზით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობა შეერყიათ.

Facebook-ის განცხადებით, მათ აღმოაჩინეს კავშირი ქსელსა და გავლენიანი მარკეტინგული სააგენტო Fazze-ის დეზინფორმაციის კამპანიას შორის, რომელიც რუსული კომპანიის, AdNow-ის ნაწილია.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს აღნიშნული ქსელის მიერ დასავლური ვაქცინებისთვის ლაქის მოცხების მეორე მცდელობაა. გასულ წელს იგივე ქსელი ცდილობდა, რომ Astrazeneca-ს ვაქცინა სახიფათო ვაქცინად წარმოეჩინა.