ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირების კუთხით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისისტრის თქმით, რეგიონების ჭრილში, ინფექცია არის მზარდი. ქვეყნის მასშტაბით 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული, მათი ძირითადი წილი კი თბილისზე მოდის.
„როგორც უკვე მედიასთან არაერთხელ განვაცხადე, რა თქმა უნდა, ჩვენ გავდივართ პიკს. დღეს ჯერ გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგებისთვის და ჯანდაცვის სექტორისთვის ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება.
დღეს გვაქვს 46 ათასამდე აქტიური შემთხვევა. ამ შემთხვევების უმეტესობის ნაწილი ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან იმართება ბინაზე. 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც ძირითადი წილი, რა თქმა უნდა, მოდის თბილისზე.
ჩვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით თბილისში ინფექციის გავრცელების საკმაოდ მაღალ სიჩქარეს, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკავშირდებოდა იმას, რომ გარკვეული მიგრაციიდან გამომდინარე ადამიანები ავადდებოდნენ სხვადასხვა რეგიონში და შემდეგ ბრუნდებოდნენ თბილისში.
დღესდღეობით, ჩვენ ვაკვირდებით, რომ რეგიონების ჭრილში, ინფექცია არის მზარდი, საწოლების მობილიზაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეგიონების დონეზე. დღეს თბილისში 3 ათასზე მეტი პაციეტი გადის სტაციონარულ მკურნალობას, 900-მდე აჭარაში, 1000-მდე პაციენტი - იმერეთში", - განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც ჯანსაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
"დადებითი დღეს არის ის, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ყოველდღიურად ვაკვირდებით მატებას, რომ ადამიანები უფრო და უფრო მაღალი ნდობით არიან ვაქცინის მიმართ განწყობილები, შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგია, თუმცა, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლები არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაციის შედეგები იქნება შედარებით მოგვიანებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ შევძლოთ ინფექციის მართვა და არსებული პიკის სტაბილიზაცია მოხდეს, მნიშვნელოვანია ინტენსიური პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და რეგულაციაზე ადეკვატური რეაგირება საზოგადოების მხრიდან", - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5352 ადამიანს დაუდასტურდა, 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.