„ბავშვებში კოვიდინფექციის გავრცელებამ მოიმატა, მნიშვნელოვანია, მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას
„რა თქმა უნდა, ბავშვებთან დაკავშირებით საჭიროა მაქსიმალური ყურადღება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვებში მომატებულია ინფიცირება. მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს, დაიცვან შვილები.
დღეს ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ბავშვების დაცვა. თუმცა, თუ მსოფლიოში დაინერგება პრაქტიკა, ბავშვების ვაქცინაციაც საქართველოც დაიწყებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას, როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება სკოლაში მიიღონ განათლება.
„ამაზე მსჯელობა შედარებით ადრეა. გამომდინარე იქიდან რომ ჯერ აგვისტოს დასაწყისია, სწავლა 15 სექტემბრიდან იწყება. ჯანდაცვის სამინისტრო თავისი რეკომენდაციებით მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება ადგილზე მიიღონ განათლება“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.