ანატორიის აკლდამებიდან კოვიდპასუხისმგებლობამდე

გოგა ჩანადირის სვეტი

საქართველოში იყო ასეთი წესი - როცა ადამიანი გადამდები სენით ინფიცირდებოდა, საცხოვრებელ ადგილს განერიდებოდა ხოლმე და ამით ცდილობდა, დაეცვა უამრავი სხვა ადამიანი: ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, ერთი სიტყვით, მტერი და მოყვარეც.

ალბათ, არ იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი, ვინ იცის რა გზას გადიოდნენ, როგორ უმძიმდათ მარტოობაში და მიუსაფრობაში სიკვდილ-სიცოცხლესთან ჭიდილი, მაგრამ ისინი ამაზე შეგნებულად მიდიოდნენ, მიდიოდნენ, რადგან ამით იცავდნენ ადამიანების სიცოცხლეს.

იმ დროს, როცა არ არსებობდა საავადმყოფოები, მედიცინის ამხელა მიღწევები, უამრავი ადამიანი შავ ჭირს სწორედ ასე გადაურჩა. სოფელ ანატორში, მუცოში, თუშეთში ახლაც ნახავთ იმ ადამიანების ძვლებს, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელ სახლებს, სოფელს განერიდნენ, რათა დაეცვათ ისინი გადამდები სენისაგან. მათ იცოდნენ რაზეც მიდიოდნენ და ისიც, რომ ამ გზის უკან გამოვლა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მიდიოდნენ, რადგან უფრო დიდი იყო პასუხისმგებლობა მათ წინაშე, ვინც უყვარდათ.

კორონავირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელზე მძიმე რომ აღმოჩნდა, ნათელია. საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ, უკვე ბევრ ქვეყანას გადაუსწრო. ცხადია, ვიდრე სამყარო კოვიდ 19-ს ვაქცინითა და პირდაპირი სამკურნალო პრეპარატებით შეებრძოლება, უდიდესი როლი ეკისრება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას. ვიტყოდი, რომ ეს ახლა გადამწყვეტიც კი არის.

საბედნიეროდ, პასუხისმგებლობის გააზრება დღეს აღარ გულისხმობს ჩვენი წინაპრებისმაგვარი მძიმე გზის გავლას და სადღაც მიუსაფრობაში, მარტოობაში აღსასრულს. განსაცდელი, რომელიც კორონავირუსის სახით მოგვევლინა, კაცობრიობის ერთგვარი გამოცდაა ჩვენი ჰუმანურობის გამოსაცდელადაც. გადავრჩებით, თუ გვეყვარება ერთმანეთი, რადგან სიყვარული პასუხისმგებლობაა უპირველესად, მუდმივი ზრუნვა სხვა ადამიანზე.

დღეს, შეიძლება, ვერ ვნახოთ ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთზე ფიქრით ისე ვიყოთ სავსენი, როგორც არასდროს. მადლობა ღმერთს, დღეს არ გვჭირდება ანატორის აკლდამებში განმარტოება, სხვა ეპოქაა და სხვა მიღწევები მედიცინაშიც, უკვე გამოჩნდა საიმედო ცნობები ვაქცინაზეც, მანამდე, უბრალოდ, ჩვენი წინაპრების მაგალითზეც ,მხოლოდ პასუხისმგებლობის გააზრება გვინდა და გვჭირდება. ევროპელობა არაა მხოლოდ გეოგრაფიული ცნება, ის უპირველესად ფასეულობების, ღირებულებათა კავშირი და ჯაჭვია.

ჩვენ ყოველთვის ევროპელები ვიყავით, კულტურით,ისტორიით, ორასწლიანმა რუსეთის თავსმოხვეულმა მართველობამ დაგვასვა თავისი დაღი, მაგრამ ეს დაიძლევა. ახლა სწორედ ის დრო გვიდგას, როცა თავი უნდა მოვუყაროთ ყველა ჩვენ კარგ თვისებას, უნარსა და გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი. მარტივია საბაზისო რეკომენდაციების შესრულება. დაინფიცირების შემთხვევაში, თვითიზოლაცია, სამედიცინო რჩევების ზედმიწევნით გათვალისწინება, მასობრივ თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან თავის შეკავება, დროებით უარის თქმა გადაკოცნაზე, პირადი ჰიგიენის დაცვა და პირბადის გაკეთება. აი, სულ ეს არის. დღეს კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება სწორედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. ჯანმრთელობას გისურვებთ!