მარინა ეზუგბაია: უნდა გამკაცრდეს არსებული რეგულაციების აღსრულება. დარღვევის შემთხვევაში, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები

"გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. დარღვევის შემთხვევაში, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ადამიანებმა თვითონ უნდა დაუწესონ საკუთარ თავს გარკვეული რეგულაციები.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულება არის ერთადერთი საშუალება, რომ ამ ეპიდსიტუაციას დავაღწიოთ თავი.

"ჩემი პირად აზრი გახლავთ, რომ ადამიანებმა, მოქალაქეებმა თვითონ უნდა დაუწესონ საკუთარ თავს გარკვეული რეგულაციები. როცა შეზღუდვები მოიხსნა, ქვეყანაში დარჩა რეგულაციები - პირბადე, დისტანცირება და თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება. ეს სამივე რეგულაცია თუ კარგად აღსრულდება ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის გარკვეულწილად უკუსვლა ანუ გაუმჯობესება.

სახელმწიფოს მხრიდან უფრო გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. იქ, სადაც არ ხდება რეგულაციების დაცვა, ალბათ, გარკვეულწილად, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები. ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები მიიღებენ.

იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, შვილიშვილები დაცულები იყვნენ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ. აღსრულება არ უნდა გვჭირდებოდეს რეგულაციების შესრულებისთვის. ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულება არის ერთადერთი საშუალება, რომ ამ ეპიდსიტუაციას დავაღწიოთ თავი", - განაცხდაა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, "დელტა" შტამი გაცილებით მძიმედ მიმდინარე შტამია.

"ეს შტამი გაცილებით მძიმედ მიმდინარე შტამია. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში კი მეტი ლეტალური გამოსავალი დგება. უფრო რთულია პაციენტების მართვა. გარდა ამისა, გავრცელების ასეთი სიხშირე ზრდის პაციენტების რაოდენობას. პაციენტების 80% გახლავთ საშუალო და მსუბუქი, 15% არის მძიმე, 5% კრიტიკული. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ მიბმულია დაავადების რაოდენობის, მათ შორის, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მატებასთან", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.