დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ ფილმის გადასაღებად კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანმა პროექტს ისტორიული და უპრეცედენო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ხარისხიანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე წარდგება.

კონკურსი სიმბოლურად სწორედ 12 აგვისტოს გამოცხადდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ. მოცემული ფილმის გადაღება რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტია და შესაბამისად კონკურსიც რამდენიმე ეტაპად იყოფა.

სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ, კომისია განიხილავს სცენარს. კომისიის მსჯელობის შემდეგ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კომპანიას მიეცემა ერთთვიანი ვადა სრულყოფილი სცენარის საბოლოო ვერსიის დაწერისათვის.

მოცემული სამუშაო დაფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით. ჯამში, გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის მიიღებს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე. ეტაპი 4 სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ. ფილმზე უფლებების მესაკუთრეა სახელმწიფო, როგორც დამკვეთი და დამფინანსებელი. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფილმის მთავარ შემოქმედებით ჯგუფს.