აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ.
ბაიდენმა ავღანეთის ლიდერებს მოუწოდა გაერთიანდნენ და "იბრძოლონ თავიანთი ერისთვის".
"20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გავწვრთნეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ აპრილში ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. 1-ელ მაისს კი შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.