ალჟირში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, მათ შორის 28 სამხედრო მოსამსახურეა

ალჟირში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, დაღუპულთა შორის 28 სამხედრო მოსამსახურეა. 12 სამხედროს კი მძიმე დამწვრობა აღენიშნება. ისინი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა დაღუპულთა გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ჩრდილოეთ ალჟირის ტყეებში ორშაბათს ათობით ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კამელ ბელჯუდმა განაცხადა, რომ გარკვეულმა პირებმა ტყეებს ცეცხლი განგებ წაუკიდეს.

"მხოლოდ კრიმინალები შეიძლება იდგეს ერთდროულად დაახლოებით 50 ხანძრის გაჩენის უკან", - აღნიშნა მინისტრმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამჟამად ხანძრებს ალჟირის, სულ მცირე, 16 პროვინციაში ებრძვიან. მეხანძრეები და არმია ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.