აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო ცენტრებში დასაქმებული პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო უნდა გახდეს.
ფაუჩის აზრით, მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელია მასწავლებლების აცრა, განსაკუთრებით კი დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში.
ფაუჩიმ აღიარა, რომ მისმა პოზიციამ შეიძლება გააღიზიანოს ზოგიერთი ადამიანი, ვინც მასწავლებლების ვაქცინის წინააღმდეგია.
"დიახ, ვიცი, რომ ამით ზოგიერთ ადამიანს გავანაწყენებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, თუ რატომ არის ვაქცინაცია ასეთი მნიშვნელოვანი".- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
მისი აზრით, უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში, კოლეჯებსა და სკოლებში დასაქმებულ პირებს ვაქცინაცია არა ფედერალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე უნდა მოეთხოვოთ.
"ვიცი, რომ ადამიანებს ინდივიდუალური თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და მათ არ უნდა ვეუბნებოდეთ როგორ მოიქცნენ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ახლა იმდენად სერიოზულ სიტუაციაში ვართ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.