შსს პატრულ-ინსპექტორის ბრალდებებს პასუხობს

შსს „ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ“.

უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელები ამ თანამშრომელს, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ გაესაუბრნენ, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება.

„ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. მან Facebook-ის პირად გვერდზე LIVE- ვიდეოში დაასახელა ადამიანები, რომლებმაც, როგორც თავად ამბობს, პოლიციიდან წასვლა მოსთხოვეს.