„დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ახალი რეკომენდაციების თანახმად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ორსულებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, სააგენტომ დაასკვნა, რომ ორსულებისთვისაც და მათთვისაც, ვინც ორსულობას გეგმავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა.
„CDC მოუწოდებს ყველა ორსულს ან იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს დაორსულებაზე და ძუძუთი კვებაზე, მიიღოს ვაქცინაცია. ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია. არასოდეს ყოფილა უფრო გადაუდებელი ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, რადგან ჩვენ ვდგავართ უაღრესად გადამდები „დელტა“ ვარიანტის წინაშე და ვხედავთ მძიმე შედეგებს COVID19-ით გამოწვეული გართულებებისა არავაქცინირებულ ორსულებს შორის”, - განაცხადა დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.
CDC-ის თანახმად, მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს მუცლის მოშლის რისკი იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მიიღეს Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინა ორსულობის 20 კვირამდე. თუმცა, ვაქცინაცია უსაფრთხო მხოლოდ 20 კვირამდე პერიოდში არ არის. მეცნიერთა თქმით, გვიანი ორსულობის დროს იმუნიზაცია არც დედას და არც შვილს არავითარ დამატებით საფრთხეს არ უქმნის.