ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45 % ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის.
მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (47 პროცენტი). მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვაქცინაციის ონლაინპლატფორმაზე. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71-ია.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47 პროცენტი - არ აიცრებოდა. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება. ვაქცინის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხსა (47 პროცენტი) და ვაქცინის ჯანმრთელობის პრობლემებთან შეუთავსებლობას ასახელებენ (20 პროცენტი).
„ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს. მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობამ, შესაძლოა, შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი და მოქალაქეებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში შეუშალოს ხელი“, - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.
კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3