მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, - ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 51%-მა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია. გამოკითხულთა 30%-მა კონკრეტული პარტია დაასახელა, 19%-მა კი აღნიშნა, რომ არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.
მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართული ოცნება“ დაასახელა გამოკითხულთა 18%-მა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 6%-მა, ასევე 6%-მა დაასახელა სხვა პარტიები. 10%-მა განაცხადა, რომ არ იცის. პასუხზე უარი განაცხადა 9%-მა.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, კითხვაზე - ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას. 18% აცხადებს, რომ ალბათ მიიღებდა. 10 % - ნამდვილად არ მიიღებდა მონაწილეობას, 6% კი ალბათ არ მიიღებდა.
კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.