NDI-ს მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 23% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. NDI კვლევებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, საზოგადოების პრიორიტეტები არ განსხვავდება, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის ერთად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.
„პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემის ორმაგმა გამოწვევამ ქვეყნის მიმართულებისა დაპოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის შემცირებას შეუწყო ხელი. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება (23 პროცენტი) და მხოლოდ 35 % ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიაა. 51%-აზრით კი დემოკრატია არ არის. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით; მაშინ მოსახლეობის 39 პროცენტი ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ხოლო 48 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ქვეყანა დემოკრატია იყო.
მსგავსი ტენდენცია მთავრობის საქმიანობის შეფასებაშიც შეინიშნება: მოქმედი მთავრობის საქმიანობას დადებითად მხოლოდ მესამედი აფასებს, მაშინ როდესაც 2020 წლის დეკემბერში ეს რიცხვი 50-ს შეადგენდა. საზოგადოებას სურს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე გააკეთოს აქცენტი.
სამწუხაროდ, მოსახლეობას არ სჯერა, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა პარლამენტის პრიორიტეტია; საზოგადოების ნახევარზე მეტი (55 პროცენტი) ამბობს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კანონებს არ იღებს, ხოლო 54% ფიქრობს, რომ თუ პარლამენტის წევრს მის დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ ეტყვის, ის ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს არ გადადგამს. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს მიაჩნია, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კვლევის ანალიზში.
ორგანიზაციამ კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.