სემეკმა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯაარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე განიხილა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ დაჯარიმების საკითხი. გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ - 50 000 ლარით დაჯარიმდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამის შესაებ ინფორმაციად სემეკი ავრცელებს.

კომისიის ცნობით, დაჯარიმების მიზეზი ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვებია.

სემეკმა კომპანიებს განუსაზღვრა ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად.

ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება. სემეკს საჩივრით მიმართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „თელასის“ მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ. საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად.

დღევანდელ სხდომაზე ასევე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 75 000 ლარით დაჯარიმდა.

დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა გახდა. როგორც სხდომაზე განაცხადეს.

სემეკში შემოსული მოქალაქეთა საჩივრების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამოდენიმე თვის ან/და წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის გადასახადის გადახდა. ამასთანავე, მომხმარებლები საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ 2021 წელს კომპანიის მიერ აღებულ რეალურ ჩვენებებში შესული იყო 2020 წელს მოხმარებული წყლის მოცულობებიც, რომლებიც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაანგარიშდა ახალი ტარიფით და არა 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ტარიფით.

"სემეკი მოუწოდებს კომპანიებს, რომ ზედმიწევნით განახორციელონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.