კვების ობიექტებში, სპა სალონებსა და ფიტნესცენტრებში შესაძლოა, ვაქცინირებულები ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საბჭოს გარკვეული რეკომენდაციით მიმართა.

შესაძლოა, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებსა და ფიტნესცენტრებში ვაქცინირებულები ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან.

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება”,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან