პაატა იმნაძე: 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში 5-ჯერ უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე იყო ინდოეთში

„100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, რაც ინდოეთში ხდებოდა, ჩვენთან ავადობა იმაზე ხუთჯერ უფრო მეტია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე. მისივე თქმით, გარკვეული პერიოდულობით შეზღუდვების დაწესება იქამდე დაგვჭირდება, ვიდრე მოსახლეობის 50% მაინც არ აიცრება.

ის იმედოვნებს, რომ აცრილთა რაოდენობა კიდევ მოიმატებს.

„ღრმა პატივისცემას ვუდასტურებ ყველა ჩემს კოლეგას იმის გამო, რასაც ისინი წელიწადზე მეტია უძლებენ. თქვენ რომ იცოდეთ, დღეს ჩვენ რა ავადობაც გვაქვს, 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა, იმაზე ხუთჯერ მეტია. ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ს მიუახლოვდა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა.

ინდოეთში მაისის დასაწყისში, პირველ კვირაში კოვიდინფიცირების 2,6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 23800 ადამიანი გარდაიცვალა.