"კლიმატის ცვლილებების საფრთხეებიდან გამომდინარე, გვევალება მზადყოფნა. ჩვენი მეზობლების მაგალითი გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა მივიღოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია საქართველო მზად იყოს შესაძლო გამოწვევებთან გასამკლავებლად.
"დიდგორისეული ბრძოლები დღეს ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლება. გლობალური საფრთხეები [და აქ მხოლოდ პანდემიას არ ვგულისხმობ] მოითხოვს გლობალურ პასუხს და გლობალურ სოლიდარობას. ამ დღეებში ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში განვითარებული ტრაგედიების მომსწრე გავხდით - საბერძნეთი, იტალია, თურქეთი აღმოჩნდნენ წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე. ჩვენ მათ ვუცხადებთ სოლიდარობას და თანადგომას. ამავე დროს, მინდა, ვისარგებლო ამ საშუალებით და ჩემი თანადგომა გამოვუცხადო ჩვენი დიასპორის წევრებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყნებში და ინაწილებენ ამ ქვეყნების ბედს და სატკივარს.
კლიმატის ცვლილებების საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენ გვევალება მზადყოფნა. ჩვენი მეზობლების მაგალითი გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა მივიღოთ. აუცილებელია ჩვენი ქვეყანა მზად იყოს შესაძლო გამოწვევებთან გასამკლავებლად. მომზადებული უნდა იყოს შესაძლო სცენარები, საპასუხო გეგმები და გათვლილი ლოგისტიკური საჭიროებები. ეს იმის საწინდარია, რომ ხვალინდელ დღეს და შესაძლო საფრთხეებს დავხვდეთ მზად და შემართებით.