თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინ არის, მოქალაქეები დროებით, სასტუმროებში გადაჰყავთ. საუბარია დაახლოებით 120 მოსახლეზე. ადგილობრივი ჰყვება, რომ ძლიერი ხმა გაიგო, თავდაპირველად ეგონა, რომ ხმაური კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობაზე, მიწის გათხრის სამუშაომ გამოიწვია, თუმცა გაირკვა, რომ "კორპუსის უკან კლდე" ჩამოიშალა. აქ მცხოვრები იმასაც ამბობს, რომ მერიასაც მიმართეს პრევენციის მიზნით, თუმცა უწყებამ "დაადგინა, რომ საფრთხე არ არის". მერის მოადგილემ დღეს განაცხადა, რომ საკითხს შეისწავლიან.
"ახლა მიმდინარეობს მერიის მიერ მთლიანი კორპუსის შესწავლა. გაზსადენი მილიც გასკდა და გადაკეტეს გაზი. წყალიც არ აქვს კორპუსს", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე პირველ რიგში საჭიროა ხალხის ევაკუაცია. ექსპერტები ადგილზე არიან და დაუყოვნებლივ დავიწყებთ გამომწვევი მიზეზების გარკვევას", - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.