ფინანსთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებეს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც რეფორმების განხორციელების, ისე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიმართულებით.

მისი თქმით, პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნახევარი მილიონი დოზა Pfizer-ის გამოყოფა, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა უფრო აქტიურად წარმართულიყო ვაქცინაციის პროცესი.

"გარდა ამისა, აღსანიშნავია, მიმდინარე წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო 5 წლის განმავლობაში 330 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროგრამები.

დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერტებული შტატების მთავრობმა საქართველოს Pfizer-ის ვაქინის 500 000 დოზა საჩუქრად გადასცა.