ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეიტსს გადაუსწრო

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს გადაუსწრო. ამ დროისთვის ილონ მასკი პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანია.

გამოცემა მასკის ქონებას 127.9 მილიარდი დოლარით აფასებს. მიმდინარე წელს მასკის ქონება, დახლოებით, 100 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

მასკმა გადაასწრო ბილ გეიტსს, რომლის ქონების ღირებულებაც, გამოცემის მონაცემებით, 127.7 მილიარდი დოლარია. რეიტინგში დიდი უპირატესობით, 182 მილიარდი დოლარი, კვლავ კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჯეფ ბეზოსი ლიდერობს.

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, ამ სიაში ილონ მასკი მეოთხე ადგილს იკავებს და მისი ქონება 110 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ამავე რეიტინგის პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: ჯეფ ბეზოსი [Amazon] 181.3 მილიარდი დოლარი, ბერნარ არნო [LVMH] 140.4 მილიარდი დოლარი, ბილ გეიტსი [Microsoft] 118.5 მილიარდი დოლარი.

გასულ კვირას Bloomberg-ის რეიტინგში მასკმა კიდევ ერთ მილიარდერს, Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ზაკერბერგს გადაუსწრო, რომლის ქონებაც 102 მილიარდი დოლარით არის შეფასებული.

ილონ მასკის აქტივების ღირებულების შთამბეჭდავი ზრდის მიზეზი კომპანია Tesla-ს მაჩვენებლებია, რომელიც უკვე ზედიზედ 5 კვარტლის განმავლობაში მომგებიანია.

გასულ კვირას, ასევე, ცნობილი გახდა, რომ კომპანიის აქციები დეკემბრიდან S&P 500-ის პლატფორმაზე გადაინაცვლებდა, სწორედ ამ პლატფორმაზე ვაჭრობენ 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციებით.

Tesla-ს აქციები მიმდინარე წელს, ჯამურად, 485%-ით არის გაძვირებული. გუშინ, 23 ნოემბერს კომპანიის მათი ფასი კიდევ 6.5%-ით გაიზარდა და ერთის ფასი 521 დოლარს გაუტოლდა.