პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური საქართველოს სტუმრობდა

საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით, საქართველოში პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური იმყოფებოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრიგადის გენერალ სლავომირ დრუმოვიჩს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა.

„სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების შეხვედრაზე პოლონელმა გენერალმა საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან NATO-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.