მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ ლაგოდეხში გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. შესაბამის ტექსტს ის Facebook-ზე ავრცელებს.
„მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ ლაგოდეხში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია.
ირაკლი ღარიბაშვილი, ყველა საჯარო გამოსვლისას ყურადღებას ამახვილებს აცრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე პანდემიის დამარცხების პროცესში და ანალოგიური შინაარსის იყო ლაგოდეხში დღეს გაკეთებული განცხადებაც.პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სხვა ქვეყნის მაგალითზე, სადაც მსჯელობენ, რომ ვაქცინაცია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სავალდებულო გახდეს.რაც შეეხება ვალდებულებას, ჩემი აზრით, აცრა თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალდებულებაა.საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, აცრა გვიცავს სიკვდილისგან“, - წერს ნინო გიორგობიანი Facebook-ზე
ცნობისათვის, დღეს პრემიერ-მინისტრა განაცხადა შემდეგი: „ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს Pfizer-ის ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა, საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება“.