გერმანიის საელჩო: ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც აუცილებელია, არ დავივიწყოთ მაშინდელი მოვლენები და მათი არაადამიანური შედეგები

60 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფლებამ დაიწყო ბერლინის კედლის მშენებლობა.

სამი ათწლეულის განმავლობაში სულ მცირე 140 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე პატარა მსხვერპლი, 15 თვის ჰოლგერი, 1971 წლის 22 იანვარს დაიღუპა. მას დედა პირზე ხელს აფარებდა, რომ პოლიციელებს არ ეპოვათ. მშობლებმა დასავლეთ ნაწილში უსაფრთხოდ გადასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ შვილი დაღუპული იყო.

28 წლის განმავლობაში აღმართული კედელი ცივი ომის სიმბოლოდ იქცა.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს ბერლინში დაესწრო ამ თარიღთან დაკავშირებულ ცერემონიას. მან განაცხადა, რომ ეს იყო „დასასრულის დასაწყისი" კომუნისტური რეჟიმისთვის, რომელიც ამტკიცებდა, რომ კედელი შექმნილია ქვეყნის ფაშიზმისგან დასაცავად.

ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ტექსტი გაავრცელა გერმანიის საელჩომ საქართველოში.

"დღეს, 13 აგვისტოს, ვიხსენებთ ბერლინის კედლის მშენებლობის დაწყებასა და გერმანიის შიდა საზღვრის სრულ დაკეტვას 60 წლის წინ. ამასთანავე, ჩვენ განსაკუთრებით ვიხსენებთ უამრავ მსხვერპლს, რომლის მიზეზიც გერმანიის და ბერლინის გამყოფი ეს საშინელი კედელი გახდა. გერმანიის შიგნით გავლებული ამ საზღვრის გადაკვეთისას ასობით ადამიანი დაიღუპა, ძალიან ბევრი დაშავდა და ბევრმა თავისუფლება დაკარგა. ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც აუცილებელია, არ დავივიწყოთ მაშინდელი მოვლენები და მათი არაადამიანური შედეგები", - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.