აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ, პირველად, სწორედ, 29 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

აფხაზეთის ომში დაიღუპა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე პირი.აფხაზეთი იძულებით 300 000-მდე ქართველმა დატოვა.

რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ აღიარა.