GITA: ილონ მასკის SpaceX საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, SpaceX საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში ლევან ბერიძე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს Bret Johnsen და უფროს ფინანსურ დირექტორს David Finlay შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა Bill Reichert - SpaxeX-ის ერთ-ერთი ინვესტორიც.

"SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩარულობაზე. შესაბამისად მათი მხრიდან საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლოებას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე განიხილეს საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა მათ სამომავლო გეგმებში.

მოლაპარაკების შედეგად უახლოეს პერიოდში SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად", - ნათქვამია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის პროექტის Starlink-ის მიზანია დედამიწის გლობალური თანამგზავრული ინტერნეტით უზრუნველყოფა და ინტერნეტით მთელი პლანეტის დაფარვა. პროექტის საბოლოო მიზანი მსოფლიოსთვის არსებულზე გაცილებით სწრაფი ინტერნეტის მიწოდებაა.