სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლას უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსები აფასებენ, მათ შორის არის ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, რომელიც Twitter-ზე წერს:
„ვერ ვიჯერებ, ისევ ხუმრობა მგონია. თუ სიმართლეა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - საქართველოს გზა NATO და ევროკავშირისკენ ძალიან ბუნდოვანი იქნება".
ფაქტს ამავე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი და მომხდარს "ძალიან საშიში" უწოდა.
„რატომ ახორციელებს საქართველო შეთანხმებას 5 წლის შემდეგ იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში ყველამ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს“, - წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისათვის, 13 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს აშშ-მ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, ევროკავშირი კი ახალი სანქციებით დაემუქრა.
„ევროკავშირის სანქციების გაუქმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბელარუსის ხელისუფლება სრულად დაიცავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, პატივს სცემს ადამიანის უფლებების ვალდებულებებს და შეწყვეტს ყოველგვარ რეპრესიას", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეფ ბორელმა.