გერმანული მედიის ინფორმაციით, საქსონიის სასამართლომ საქართველოში დეპორტირებულ ცხრასულიან ოჯახს, რომელთა დეპორტაცია ივნისში მოხდა, გერმანიაში დაბრუნების უფლება მისცა.
როგორც მედიასაშუალება წერს,საქსონიის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დეპორტაცია უკანონო იყო და ოჯახის ყველა წევრს აქვს უფლება, დაბრუნდეს გერმანიაში. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მედიის ცნობით, ცხრასულიანი ოჯახის წევრები გერმანიაში 2013 წელს ჩავიდნენ. ხუთი ბავშვი გერმანიაში დაიბადა. ივნისში მათი საქართველოში დეპორტაცია ადგილობრივებმა და ასევე, პოლიტიკოსების ნაწილმაც გააკრიტიკეს, რადგან ოჯახი ღამით გააღვიძეს და ბავშვებთან ერთად გადაიყვანეს სადეპორტაციოდ.
ოჯახის წევრების მიერ შეტანილი თავშესაფრის მიღების განაცხადი რამდენჯერმე უარყვეს, თუმცა საქსონიის სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დეპორტაცია უკანონო იყო. ამის მიზეზად სასამართლომ ის დაასახელა, რომ ბავშვები უკვე დიდი ხანია, სწავლობენ გერმანულ სკოლაში და ინტეგრირებული არიან საზოგადოებაში. გერმანიის კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში მათ ქვეყენაში დარჩენის უფლება აქვთ.
მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული მიზეზების გათვალისწინებით, გერმანიაში დარჩენის უფლება ასევე ექნებათ ოჯახის სხვა წევრებსაც.