ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად ეკლესიაში მისვლას სთავაზობს.
როგორც მან ქადაგების დროს აღნიშნა, სურს დამშვიდებული ერი ნახოს და ეს გაერთიანება ალბათ, ეკლესიაში უნდა მოხდეს.
"მე მინდა ერთ რამეს შევეხო. მე მინდა ვნახო ჩვენი ერი დამშვიდებული. ალბათ, ერის დამშვიდება... ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი - აერთიანებს. ალბათ, გაერთიანება ეკლესიაში უნდა მოხდეს. კარგად იცით, ჩატარდა არჩევნები. მე არ შევეხები, იმას არ ვაპირებ, რომ ტყუან-მართალი ვეძებო. არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს... მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ეკლესიაში მისვლის სურვილი არცერთ მხარეს ამ დრომდე არ გამოუთქვამს.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მათთან შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა ეკლესიის როლს.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ორი რაუნდი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით უკვე გაიმართა. ერთი მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევლენ, მეორე მხრივ კი, ხელისუფლება მოლაპარაკების დაწყებისთვის არჩევნების შედეგების აღიარებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ახლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. საუბრის თემები უცნობია, რადგან მოლაპარაკების ერთ-ერთი დათქმა ამ საკითხებზე საუბრისგან თავის შეკავებაა", - აღნიშნა მან.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.