ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი გერდ მიულერი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში, ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი გერდ მიულერი გარდაიცვალა.

როგორც გამოცემა Mirror-ი წერს, ინფორმაცია ,,მიუხენის ბაიერნმა" გაავრცელა.

მიულერს ბოლო წლების განმავლობაში ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა და ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმებული იყო.

ცნობისთვის, გერდ მიულერი არა მარტო გერმანიის, არამედ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი იყო და საინტერესო მეტსახელიც ჰქონდა - 'ერის ბომბარდირი'. გერდმა 1966-1974 წლებში გერმანიის ნაკრებში 62 მატჩში 68 გოლი გაიტანა, საკლუბო კარიერაში კი 1964-1979 წლებში მიუნხენის ბაიერნში 605 მატჩი ჩაატარა და 563 გოლი გაიტანა. ის 4-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამდენჯერვე თასის მფლობელი, 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ხოლო თითოჯერ თასების მფლობელთა თასი და საკონინენტთაშორისო თასი. 1972 და 1974 წლებში გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

მდიდარია გერდ მიულერის ინდივიდუალური ჯილდოების ჩამონათვალიც: 1970 წელს "ოქროს ბურთი" მოიგო, 7-ჯერ გახდა გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ბუნდესლიგაში მან 365 გოლი გაიტანა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია, გერმანიის ნაკრებში კი მხოლოდ მიროსლავ კლოზე უსწრებს (3 გოლით).