გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე

81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

,,ბატონმა თამაზმა მრავალი წელი გაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არაერთი თაობა აღზარდა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული ენისა და ლიტერატურის დარგის და ზოგადად, ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ბატონი თამაზის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თამაზ კვაჭანტირაძემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი. 1978-1990 წლებში ჟურნალის – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი; 1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები“.

ავტორია წიგნებისა – „მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002).

იყო ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელი.

თამაზ კვაჭანტირაძეს წლების განმავლობაში საქართველოს პირველ არხზე ქართულ ენასა და ლიტერატურაზე საავტორო გადაცემა მიჰყავდა.