ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს

ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო ქაბულის საჰაერო სივრცეში სატრანზიტო რეისების გაკონტროლება ვერ მოხერხდება და ტრანზიტით მოძრავ თვითმფრინავებს ურჩია, სხვა მარშრუტით ისარგებლონ.

გაერთიანებულმა ავიახაზებმა, ბრიტანულმა ავიახაზებმა და Virgin Atlantic– მა უკვე შეწყვიტეს ავღანეთის საჰაერო სივრცის გამოყენება მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბულში პრეზიდენტის სასახლე აიღეს.

ავიაკომპანიები და ხელისუფლებები უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ კონფლიქტის ზონების საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში ორი ფატალური ინციდენტი დაფიქსირდა.

ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა.