აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი 120 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი რაზმი თურქ სამხედროებთან ერთად ქაბულის აეროპორტს დაიცავს.
"სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია ჩვენს სამშვიდობოებთან, პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაღალ დონეზეა. ძმურ თურქეთთან კოორდინაციით საოპერაციო სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან", - ნათქვამია განცხადებაში.
აეროპორტის ტერიტორიაზე გარდა თურქული და აზერბაიჯანული რაზმებისა, ასევე იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ქვეყანაში საელჩოების თანამშრომლების ევაკუაციის მიიზნით მიავლინეს.
ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა.
გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც.