ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს საკმაოდ დადებით დინამიკას და ორი კვირის შემდეგ ეპიდვითარება 80%-ით გაუმჯობესდება.
ტიკარაძემ ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი საბჭოზე განხილული არ ყოფილა, თუმცა, მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამ მოთხოვნასაც დააყენებენ.
„გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე თუ რა ეფექტის მომტანი არის სატრანსპორტო შეზღუდვები. ჩვენი მოლოდინი არის, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს საკმაოდ დადებით დინამიკას ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაში. ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის 80%-ით გაუმჯობესება ეპიდვითარების. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო.
რაც შეეხება საქალაქთაშორისოს, განხილულიც კი არ ყოფილა საბჭოზე, აქედან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში დავაყენებთ ამ მოთხოვნას, თუმცა დღესდღეობით ვთვლით, რომ ეს გადაადგილება განხორციელდეს, ვინაიდან ვიცით რა ტურისტული მოძრაობა არსებობს და რა შეიძლება იყოს ნაკადების მიმართვიანობა სხვადასხვა რეგიონში. აქედან გამომდინარე მთავარ ამოცანას წარმოადგენს კონკრეტულად იმ რეგიონში, სადაც მოხვდება ტურისტის მიგრაცია, ჩვენ დავხვდეთ შესაბამისი მზაობით" , - განაცხადა ტიკარაძემ.