ძლიერი წვიმის შედეგად ოკუპირებულ სოხუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, წყლის დონემ ზოგან 1,5 მეტრს გადააჭარბა. დატბორილი იყო ჩანბას, აშხაცავას, შეგლოვას, მარას, ბეგუას და სხვა ქუჩები, რის გამოც საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ასევე დაიტბორა ე.წ მინისტრთა კაბინეტისა და ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ტერიტორიები.
კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და დამხმარე ბოძები, დაიტბორა ქვესადგურები. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სოხუმის ცენტრს, ქალაქის ახალი რაიონის ნაწილს და შუქურას.
გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ოპერატიული შტაბი შექმნა.