როგორ ცხოვრობდა ავღანეთი თალიბანამდე - 70-იანი წლების ფოტოები

ავღანეთში თალიბების მოსვლამდე და სამოქალაქო ომამდე ცხოვრება სხვანაირი იყო. ავღანელი ქალების მდგომარეობა ისეთი მძიმე არ იყო, როგორც ახლა. ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1919 წელს მოიპოვეს, 1950 წლიდან კი ჩადრის ტარების ვალდებულება გაუქმდა, 1960-იან წლებში კი ქალისა და კაცის თანასწორობა უკვე ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერა.

1966-1971 წლებში, ისლამური იურისდიქციის მოსამართლის პოსტი 14-მა ქალმა დაიკავა. ამ პერიოდში ქვეყანაში ქალები აქტიურად ჩაერთნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მუშაობაშიც. ქალები მსახურობდნენ – პოლიციაში, ჯარში, ავიაკომპანიებში, განათლების სფეროსა და კერძო ბიზნესში. 1973 წელს, ავღანეთს სათავეში მუჰამედ დაუდი ჩაუდგა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ ქვეყანაში ფუნდამენტალისტი ექსტრემისტები, რომლებიც ხელისუფლებისა და მისი რეფორმების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ.

ქვეყანაში ქალთა უფლებები საბოლოოდ 1994 წელს დაინგრა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, რომლებმაც შუასაუკუნეების რეჟიმის დამყარეს, შარიათის კანონების ბრმა და სიტყვასიტყვით გადმოღებით. 1994 წელს, თალიბები ყანდაღარში გამოჩნდნენ, 1996 წელს კი ქაბული აიღეს. მათ ქალებს „შარიათის კანონები“ დაუწესეს.

ავღანელ ქალებს მუშაობა აეკრძალათ, დაიხურა გოგონათა სკოლები. ქალებს ყველა ის უფლება ჩამოერთვათ, რისთვისაც ათწლეულები იბრძოდნენ. ქალებს აეკრძალათ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ნათესავის გარეშე გარეთ გასვლა. ქალი კვლავ თავით ფეხებამდე შეიმოსა ჩადრსა და ფარანჯაში.

დაიჭირეს უამრავი ქალი, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. თალიბი პოლიციელები ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ ქალებს იმის გამო, რომ კოჭი ან მაჯა უჩანდათ.

ბოლო წლებში, ამერიკის ჯარების შესვლის შემდეგ ქვეყანაში, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ათასობით ავღანელი გოგონა დადიოდა სკოლაში, ქალებისთვის კი პარლამენტში ადგილების 20% იყო განკუთვნილი. ქალებმა ისევ დაიწყეს მუშაობა შეიარაღებულ ძალებში, ქაბულის ისტორიაში პირველად, ერთ-ერთი რაიონის პოლიციის შეფი ქალი გახდა.

დღეს ავღანეთი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ რაც ამერიკამ ქვეყნიდან ჯარები გაიყვანა „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა.

წარმოგიდგენთ 70-იანი წლების ავღანეთის ფოტოებს...