ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია, კომპანია Armani Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიელი მილიარდერი, დღეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„Armani Group-ი უსაზღვრო მწუხარებით აცხადებს თავისი შემქმნელის, დამფუძნებლისა და მამოძრავებელი ძალის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.


„ის იტალიური სტილისა და ელეგანტურობის არქეტიპი იყო, თანამედროვე აუდიტორიისთვის კაცისა და ქალის კოსტიუმებს ახლებურად წარმოიდგენდა. არმანიმ საქმიანობა მოდის სფეროდან დაიწყო, თუმცა გაფართოვდა სილამაზის, სუნამოების, მუსიკის, სპორტისა და სასტუმროების მიმართულებით. მას ასევე პატივს სცემდნენ როგორც ბიზნესმენს, რომლის კომპანიაც წელიწადში 2 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტ შემოსავალს იღებდა,“ წერს BBC ჯორჯო არმანის შესახებ.


არმანის მოდის იმპერია 10 მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული. ცნობილი დიზაინერის საკუთრებაში იყო რამდენიმე ბარი, კლუბი და საკალათბურთო გუნდი EA7 Emporio Armani Milan.