აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) წევრი ირაკლი გვარამია კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მას კორონავირუსი 17 ივლისს დაუდასტურდა. თავდაპირველად ვირუსზე კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში. კლინიკაში გადაყვანიდან ერთ კვირაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ირაკლი გვარამია დღეს, 16 აგვისტოს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის, ირაკლი გვარამიას გარდაცვალების გამო. უსკო უსამძიმრებს ირაკლი გვარამიას ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს", - ნათქვამია უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამძიმრის წერილში.
უსკოს წევრად ირაკლი გვარამია მიმდინარე წლის ივლისში აირჩიეს.
დღეს აჭარაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 676 ადამიანს დაუდასტურდა, 4 119 გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.