NCDC-ს ახალი რეგულაცია დამსაქმებლებს შეეხებათ

NCDC-ს ახალ წინადადებაა, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებულებს, რომლებსაც სრულად არ იქნებიან ვაქცინირებულები, შესაძლოა, თავად ან მათ დამსაქმებლებს მოუწიოთ გეგმიური ტესტირებების დაფინანსება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საუბარია ესენციურ ჯგუფებზე, მათ შორის მასწავლებლებსა და პოლიციელებზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს დადასტურებული 6000-ზე მეტი შემთხვევა ბევრია, თუმცა პროგნოზულად უფრო მეტს ელოდნენ და როგორც ჩანს, მობილობის შეზღუდვამ იმოქმედა.

„აცრის გარეშე, ამ პანდემიას ვერ დავასრულებთ. ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს, 600-650 ათას აცრას გადავაბიჯებთ, სექტემბერში ეს აუცილებლად უნდა ავიდეს 800-900 ათასზე და ოქტომბერში კიდევ ერთ ამდენზე, რათა ამ სამ თვეში სულ მცირე, 2.5 მილიონი აცრა ჩატარდეს. თუ ეს მოხდება, ეპიდემიას სერიოზულად გავტეხთ წელში. 150 ათასი Pfizer-ი დევს დღეს პირველი დოზისთვის, 130 ათასი Sinopharm-ი დევს პირველი დოზისთვის, ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ დევს პირველი დოზისთვის, 15 ათასი Astrazeneca დევს პირველი დოზისთვის. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ვინც არ ბრძანდებით აცრილები, მიბრძანდეთ და აიცრათ, იმიტომ რომ აცრაზე გადის დღეს პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი.

რომ ვიოცნებოთ და ყველამ ერთად შევძლოთ და ერთი-ორი კვირის განმავლობაში დღეში ავცრათ ​100 ათასი ადამიანი, ვნახავთ, რომ ერთი კვირის შემდეგ სერიოზულ გარდატეხას შევიტანთ ეპიდემიის განვითარებაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა წესების დაცვისა და შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ.

ეპიდემიის დასრულების მთავარი გზა აცრებზე გადის. მეორე მხრივ, საჭიროა წესების დაცვა. ამ თვეების განმავლობაში, ვიყოთ მეტად მოკრძალებულები, შევიკავოთ თავი შეკრებებისგან. სერიოზულად მიდის მონიტორინგი და აღსრულება ნებისმიერი ქორწილის, ქელეხის, კონცერტის, წვეულების შემთხვევაში. არაა ახლა ამის დრო, როცა ქვეყანაში, ყოველდღიურად, 30-40 და მეტი სიკვდილის შემთხვევაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში ვაქცინა 25 083-მა ადამიანმა გაიკეთა