რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს. ჩვენივე ინტერესებშია მორიგი მიგრაციული კრიზისის თავიდან აცილება - ეს არის ევროპარლამენტარების გზავნილები, რომლებიც მათ ერთოვლიბ განცხადებაში აისახა.
ევროპარლამენტარები ყველა მხარეს მოუწოდებენ, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ უცხოელებისა და ავღანელების ქვეყნიდან უსაფრთხო და მოწესრიგებულ გასვლას.
მათივე განცხადებით, ევროკავშირი, სხვა პარტნიორებთან ერთად, სასწრაფოდ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანაში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს.
„ჩვენივე ინტერესებშია მორიგი მიგრაციული კრიზისის თავიდან აცილება. ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს ახალი სტრატეგია ავღანეთსა და რეგიონში ახალი გარემოებების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ჩინეთი სწრაფად შეეცდებიან პოლიტიკური ვაკუუმი შეავსონ. კერძოდ, პაკისტანს, ირანს და ინდოეთს უნდა მოუწოდონ, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ავღანეთში", - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ავღანეთში ბოლოდროინდელი პოლიტიკური, სამხედრო და მორალური კატასტროფის გამო,
პირობების შესრულების გარეშე შეერთებული შტატებისა და NATO-ს ჯარების ნაჩქარევი გაყვანა ქვეყნიდან და ავღანეთის ინსტიტუტებისა და მისი უსაფრთხოების ძალების შოკისმომგვრელმა დაშლამ საშუალება მისცა "თალიბანს", დაეკავებინა ქვეყანა მოულოდნელად სწრაფი გზით.
ჩვენ სასწრაფოდ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ავღანელების უსაფრთხო და მოწესრიგებულ გამგზავრებას, რომელთაც სურთ ქვეყნის დატოვება.
ჩვენ ვიღებთ მორალურ პასუხისმგებლობას მათზე, ვინც მუშაობდნენ ევროკავშირის სუბიექტებისთვის, NATO-ს პარტნიორებისთვის და სხვა საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში ძალაუფლების მქონე პირებს, თავი შეიკავონ ძალადობისაგან და პატივი სცენ ადამიანის ძირითად უფლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ქალებისა და გოგონების უფლებების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ბოლო 20 წლის მიღწევებს", - ნათქვამია განცხადებაში.