ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში ქალთა უფლებების დასაცავად იბრძოლებს.
„ჭეშმარიტად გეუბნებით, „თალიბანის“ პირობებში ღრმად მწყდება გული ავღანელ ქალებსა და გოგონებზე. ჩვენ ვიცით ის, რაც მათ ადრე ჩაიდინეს და ეს ძალიან მძიმე რამ არის ნებისმიერი ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ჯეიკ სალივანის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ არ იყო არჩევანი „იმ ქალებისა და გოგონების გადარჩენასა და არგადარჩენას შორის“, ხოლო ალტერნატივა ავღანეთში აშშ-ის ჯარების რაოდენობის გაზრდას გულისხმობდა, რაც ამერიკელებს შორის მსხვერპლს გამოიწვევდა.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან იმ ქვეყანაში ძალები არ გვყავს, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას ქალებისა და გოგონების და ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების სახელით. ჩვენ ამას ბევრ სხვა ქვეყანაში ვაკეთებთ, სადაც აქტიური სამხედრო მონაწილეობა არ გვაქვს და ამას ავღანეთშიც გავაკეთებთ. ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ ყველა ზომა და გავლენა ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა შემსუბუქდეს ის ტვირთი, რომელსაც ის ქალები და გოგონები უახლოეს დღეებში იხილავენ“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ.
ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.