რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, 2021 წლის 12 იანვრამდე გაგრძელდა.
12 იანვრამდე ისევ იკრძალება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სახლების მუშაობა, ქორწილები და სხვა მასობრივი ღონისძიებები საბანკეტო დარბაზებში, რესტორნებში, კაფეებსა და სხვა მსგავს ობიექტებში, დახურულ სივრცეებში სპორტული, საქმიანი, გასართობი და სხვა სახის ღონისძიებები, სავარჯიშო დარბაზების და აუზების მუშაობა და სხვა.
ბჟანიას განკარგულებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულოა დამცავი ნიღბების გამოყენება, შეზღუდულია სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობა, 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები კი გათავისუფლებულნი არიან სამსახურში მისვლის ვალდებულებისგან. გარდა ამისა, აფხაზეთის მცხოვრებთ ურჩევენ, რელიგიური დღესასწაულების დროს თავი შეიკავონ საკულტო ობიექტებზე მისვლისგან.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას აპრილის შემდეგ აღრიცხული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 5442 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 3623. COVID-19-ით გარდაცვლილია 70 ადამიანი.