მოქალაქეებს რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, ბინაზე აცრიან

პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522.

ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 6208 ადამიანს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ 24 საათში 47 872 ტესტი გაკეთდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 47 პაციენტი. 24 საათში 3539-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.