ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთნენ

პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთნენ. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

,,დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამ დროისთვის ვაქცინირებულია 4 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისიდან დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ️მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება 9300-მდე პატიმარი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია 6002 მსჯავრდებული/ბრალდებული, ანუ კონტინგენტის - 64%, მათ შორის რევაქცინირებული - 4523, რაც 48%-ს შეადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 241-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 857 056 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.