ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან, ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრევენციული ზომები ზედმიწევნით, მკაცრად უნდა იყოს დაცული.
"გასული 24 საათის განმავლობაში ისევ 6000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ, 49 გარდაცვალება. შემთხვევების გავრცელების ტემპი, კვლავაც მაღალია. როგორც იკვეთება, სტაბილიზაციის ნიშნები არ არის არც ერთ რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრევენციული ზომების ზედმიწევნით, მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე. გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავაც სავალდებულოა პირბადის გამოყენება ყველა სივრცეში, ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც მოქმედებდა. განსაკუთრებით სოციალური ღონისძიებების შეზღუდვა", -აღნიშნავს გაბუნია.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 241-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 857 056 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.