„სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
„ხალხმა ნახა ყველაფერი, ნახა 90-იანი წლები, მაშინ, როცა ძმათა შორის მკვლელობა მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ომი აფხაზეთში, ომი ოსეთში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, დაპირისპირება, ქაოსი, უწესრიგობა. შემდეგ ვნახეთ ახალი ომი რუსეთის ფედერაციასთან, რომელმაც მოიტანა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და ჩვენი გმირების გმირული დაღუპვა ომში.
100-ზე მეტი სოფლის ჩაბარება და კოდორის ხეობის, ახალგორის და უამრავი ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების დროებით დაკარგვა. დროებით, იმიტომ, რომ მე მჯერა და ყველას გვჯერა, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა ერთიანი და მთლიანი იქნება. კაცი 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა და კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი. გავიდა მოქალაქეობიდან, საკუთარი პასპორტი დატოვა, ჩააბარა და აიღო უკრაინის მოქალაქეობა. შემდეგ გააძევეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჩვენ ვართ ანწუხელიძეების და ჩვენი გმირების ქვეყანა და როცა ასე ექცევი საკუთარ ხალხს, რა თქმა უნდა, ხალხი პასუხს გაგცემს“, - დაამატა ღარიბაშვილმა.