სად და როგორ უნდა აიღონ მოქალაქეებმა კოვიდბარათები

17 აგვისტოდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათების გაცემა დაიწყო.

კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა. მათი მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი. დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.

იუსტიციის სახლი კოვიდბარათებს დისტანციურად არ გასცემს, თუმცა, აცრილებს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულად მიღება სპეციალურად ამოქმედებულ ვებგვერდზე შეუძლიათ, საიდანაც QR-კოდიანი ელექტრონული ბარათის ჩამოტვირთვაცაა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ.

ცნობისთვის, კოვიდბარათებზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. ამ დრომდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომ მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ.

იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო